მშობლები

პოეტის მამა
პოეტის მამა-მელიტონ ბარათაშვილი მისი დროის ქართველი ფეოდალური არისტოკრატიის უაღრესად ტიპიური ფიგურაა. დაბადებული ეროვნული განსაცდელის ჟამს –1795 წელს, – იგი მალე შეგუებია ახალ ბიუროკრატიულ მმართველობას და ოფიციალურ საზოგადოებაში საკმაოდ გამოჩენილი ადგილი მოუპოვებია.
თბილისის თავადაზნაურთა წრეებში მელიტონ ბარათაშვილის დიდ გავლენას მოწმობს ის გარემოება, რომ იგი 1833 . აურჩევიათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. აღსანიშნავია, რომ 1835 წლის ბოლოს მისი კანდიდატურა წამოყენებულ იქნა ამავე თანამდებობაზე 1836–1839 სამწლეულისათვის. ამ არჩევნებში მან გაიმარჯვა. იმავე დროს მელიტონი აირჩიეს თბილისის გარეუბნის თავადაზნაურთა წინამძღოლობის კანდიდატად, მელიტონს არა ერთხელ შეუსრულებია თბილისის გარეუბნის მარშლის მოვალეობა.
მელიტონ ბარათაშვილი არ ყოფილა მაინცდამაინც მდიდარი მემამულე. 20–იანი წლების ერთი მისი სამსახურებრივი საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ მელიტონი იყო ასი სული ყმის მფლობელი თბილისისა და ბორჩალოს მაზრებში[3]. მაგრამ სიმდიდრით განთქმულ ბევრ მემამულესაც არ ჰქონდა მაშინდელ თბილისში ისეთი გულუხვი და ხელგაშლილი მასპინძლის სახელი, როგორიც მელიტონ ბარათაშვილს.
პოეტის პირველი ბიოგრაფის და ყრმობის მეგობართა სიტყვით, . ბარათაშვილის მამას უყვარდა სიუხვე და პურ-მარილი. მისი სადილები განთქმული იყო თბილისში[4]. მელიტონის ხელგაშლილობა საყოველთაოდ ცნობილი იყო. მას მუდამდღე ორი ყმა კაცი ჰყავდა დაბანდებული მარტო თევზის საჭერად[5].
უზრუნველი ცხოვრების გამო მელიტონის ოჯახის ნივთიერი მდგომარეობა თანდათან უარესდება. იგი ვალების ქსელში იყო გაბმული. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 1835. მისმა მძიმე ავადმყოფობამ, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით პოეტის ბიძა ზაქარია ორბელიანი იმავე წლის 18 თებერვალს თბილისიდან სწერდა გრიგოლ ორბელიანს: “ოჰ, როგორ დაღუპა მელიტონმა თავისი სახლი და ცოლშვილი, ერთი გროში არა აქვსთ. ან რით უნდა დაიმარხოს, და ან რით უნდა იცხოვროს ცოლშვილმა იმის შემდეგ, ვინც დარჩება. ეხლაც ზღვაა ამის ხარჯი შინ, ვგონებ 5000 რუბლს ხარჯავდეს წელიწადში და საბოლოოდ კი ფიქრი არ ჰქონია”[6].
გრიგოლ ორბელიანი, შეწუხებული თავისი დის ოჯახის მძიმე მდგომარეობით, საპასუხო ბარათში სწერს თავის ძმას: “მელიტონის უიმედო ავადმყოფობამ ძალიან შემაწუხა,-მთელი ღამე მწუხარებისაგან თვალი არ მომიხუჭავს. რა უნდა ჰქნას საბრალო ეფემიამ, თუ მართლად ეს უბედურება მიადგა! რით უნდა შეინახოს თავისი წვრილი შვილები და ან რით გადიხადოს ვალები, რომელიცა უეჭველად ბევრი დარჩება. ღმერთმან დაიფაროს ამა უბედურებისაგან. ოხ! რა ძნელია მოსათმენად, რომ კაცი ჰხედავდეს ესრეთ გულის საყვარელს დას უკანასკნელ განწირულებაში, და არა შეიძლოს შემწეობა.- მომწერე, გეთაყვა, ზაქარიავ, ყოველივე ეფემიას საქმე დაწვრილებით, ნურას დამიმალავ ჩემს სანუგეშოდ”[7].
მელიტონის დარდიმანდობამ და უსაზღვრო მხარჯველობამ გააღარიბა ერთ დროს მდიდარი ოჯახი და იგი ცხოვრების სარბიელზე ახლად გამოსულ პოეტს დააწვა კისრად. კონსტანტინე მამაცაშვილი იგონებს: “მამა ნიკოლოზისა თფილისში ცხოვრებამ შეიყვანა დიდს ვალებში, შემდეგ კარგის ცხოვრებისა ჩავარდა სიღარიბეში და მოხუცობაში მამულები ვალში გაყიდა. ამის გამო ნიკოლოზს არა თუ ჰქონდა სახლიდან, თითონ ეწეოდა სახლსა თავისი მცირე ჯამაგირიდგან”[8]
მამის მფლანგველობა დიდი უბედურება იყო . ბარათაშვილის ოჯახისათვის. ამას თან ერთვოდა მელიტონის გულფიცხობა და ანჩხლი ხასიათი, რომლის მთავარი მსხვერპლი ოჯახში პოეტის დედა იყო. მგრძნობიარე ნიკოლოზი (ტატო) მწვავედ განიცდიდა დედისადმი მიყენებულ ყოველგვარ უსიამოვნებას და მუდამ მისი ქომაგი იყო.
ზოგიერთი გადმოცემით, პოეტის მამა თავის სიანჩხლესა და გულფიცხობასთან ათავსებდა კეთილ ბუნებასაც. პოეტის და სოფიო გადმოგვცემს: “მელიტონი ფიცხი, მაგრამ მეტად კეთილი კაცი იყო, საუცხოო მოსაუბრე, მჭერმეტყველი, კარგად იცოდა გარდა ქართულისა რუსული, სომხური და თათრული ენები და ხშირად თარჯიმანობდა მეფის მოადგილესთან. ხელმწიფე რომ ჩამოვიდა ტფილისში, მელიტონს სთხოვეს თარჯიმნობა. მელიტონის სახლის კარი მუდამ ღია იყო, სტუმრობა უყვარდა. ბევრი ხალხი დადიოდა. მარშლის არჩევნებსა და სხვა საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას იღებდა და მის სიტყვას დიდი გავლენა ჰქონდა. მისი კანდიდატი იმარჯვებდა ყოველთვის”[9].
მელიტონი თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა. თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული. უსწავლია თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მისი მჭერმეტყველების ტალანტს და მშობლიური ენისა და მწერლობის კარგ ცოდნას აღნიშნავენ მისი თანამედროვენი.
მელიტონი გადაიცვალა 1860 წელს, ზემოთ მოყვანილი მასალები ადასტურებს, თუ რა მძიმე ოჯახური პირობები განუმზადა ბედმა ბავშვობიდანვე მომავალ პოეტს.
***
პოეტის დედა
ამ ოჯახს ჰყავდა თავისი კეთილი სული; ეს იყო პოეტის დედა-ეფემია. მის დედობრივ ალერსში პოულობდა შვებას მომავალი პოეტი, მის მშობლიურ კალთაში იღვიძებდა ბავშვის პირველ ოცნებანი და შთაბეჭდილებანი.
ეფემია ორბელიანი, როგორც ვთქვით, ერეკლე II –ის პირდაპირი შთამომავალია. მისი დედახორეშანიქალიშვილი იყო მეფე ერეკლეს ასულის ელენესი. ეფემიას მამა ზურაბ ორბელიანი მეფე ერეკლეს კარზე ნამყოფი და ცოტა ნამსახურიც ყოფილა; მას კარგად სცოდნია საღვთო წერილი და საერო მწერლობა. ხორეშანს მისი სახელოვანი შვილი გრიგოლ ორბელიანი იგონებდა დიდი მოკრძალებით, როგორცკეთილსა, ნაზსა ჭკვიანს დედას".

ეფემია ბარათაშვილი სათნო გულისა და ღრმა გონების ადამიანი ყოფილა. მას მჭიდრო სულიერი მეგობრობა ჰქონია თავის ძმასთანგრიგოლ ორბელიანთან. ამ უკანასკნელის პირად წერილებში მკაფიოდ გამოკრთის მისი მაღალი აზრი თავის დაზე. პოეტის დედის ნათელმა პიროვნებამ შთააგონა გრიგოლ ორბელიანს ბრწყინვალე ლექსი – “ჩემს დას ეფემიას”.
დედამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა პოეტს ყოველივე მშობლიურის სიყვარული. მანვე გააცნო პირველად ტატოს ქართული ანბანი, რომლის მხატვრული მოხაზულობანი მომწიფებული პოეტის ხელნაწერებში აყვანილია ვირტუოზულობამდე. ბიოგრაფი გადმოგვცემს ადრეულ ცნობას: “ტატოს ერთობ ფაქიზად უვლიდნენ, როგორც სიყრმის შვილს. შინაურებსაც დიდად ჰყვარებიათ, განსაკუთრებით დედას”. ეფემია იყო დედა 14 შვილისა, რვა ქალისა და ექვსი ვაჟის, მაგრამ ნიკოლოზისა და ოთხი ქალის გარდა ყველანი მცირე წლოვანნი დაიხოცნენ.
მელიტონის სახლობა იდგა ანჩისხატის უბანში. აქვე დაიბადა ჩვენი ტატო (ნიკოლოზ) ბარათაშვილი. მელიტონის სახლში ხშირად დადიონდნენ: “პოეტი ( ღენერალ-ლეიტენანტი) ალ. ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფალავანდიშვილებიბევრი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი.



No comments:

Post a Comment